ორშაბათ, 03 ოქტომბერი 2022

სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი: ახალი შესაძლებლობები LEADER/თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარებისთვის

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება.

ზრდა არის ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: “შეღავათიანი აგროკრედიტი“, “დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულება. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა ფერმერებსა და მეწარმეების მხრიდან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული. მთავრობა იმსჯელებს და დაფინანსების მექანიზმებთან დაკავშირებით მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფერმერები, რომელთაც არ აქვთ დიდი მიწის ნაკვეთები, გაერთიანდნენ და ერთობლივად შეიძინონ ტექნიკა. სახელმწიფო კი მათ თანადაფინანსების სახით  დაეხმარება.
 

ოთარ შამუგიამ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. “ჩვენ ვიწყებთ, LEADER პროგრამას, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შევიმუშავეთ. ეს არის ევროპული დაფინანსების პრინციპი სოფლის განვითარებისთვის. პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორი. ამ ადგილობრივი ჯგუფების ერთობლივი წინადადებების საფუძველზე, მოხდება კონკრეტული პროექტების დაფინანსება. ეს არის სრულად ევროპული მოდელი. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში,  1 მლნ ლარია გათვალისწინებული. ჩვენ დავაკვირდებით პროგრამის განვითარებას და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტის დაახლოებით,  18 %-იანი ზრდაა. 

 

“იზრდება დაფინანსება ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, ასევე გაიზრდება დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობისთვის და დაცულ ტერიტორიებზე მეტი ვიზიტორის მოზიდვისთვის. დაფინანსება გაიზრდება გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის მიმართულებით. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ფაქტობრივად, არ რჩება პროგრამა, სადაც  წლევანდელ წელთან შედარებით, დაფინანსების მცირედით ან დიდი ზრდა არ გვქონდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას გარკვეულ ახალ ინიციატივებზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.