თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 36,913 ჰა თხილის ბაღი.
მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ.
თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის, 2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართოთ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურს ან საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.