სოფლის განვითარების პოლიტიკა

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027
 
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის განხორციელებით მოხდება არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხა.
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგების მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, ძირითადი ვალდებულებაა. საქართველოს სოფლის ტიპის ტერიტორიების განვითარება მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანების გადასაწყვეტად როგორებიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების მაღალი დონის შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოება.
 
ხედვა
მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირება/განვითარება, სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
 
მიზნები
1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები;
2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები.
 
მიზანი 1 - კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები.
 
ამოცანები:
  • ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა, დივერსიფიკაციაზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, კოოპერაციაზე, მწარმოებელთა გაერთიანებების ხელშეწყობაზე ფოკუსირების გზით; ფინანსურ ინსტრუმენტებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია;
  • სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირება;
  • ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება;
  • სოფლად ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება.
 
მიზანი 2 - ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
 
ამოცანები:
  • გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელება და ბიო/ორგანული წარმოების განვითარების ხელშეწყობა;
  • ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება;
  • ენერგო-ეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;
  • აგრო-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
 
მიზანი 3 - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები;
 
ამოცანები:
  • ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოება;
  • ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან;
  • ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება;
  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა.