აკრონიმი LEADER (Liaison Entre Actions de Développement de l'Économie Rurale) ნიშნავს „კავშირს სოფლის განვითარებისა და ეკონომიკის ქმედებებს შორის“. LEADER-ის მიდგომა წარმოადგენს სოფლის განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად ინოვაციური მეთოდოლოგიების ერთობლიობას.
LEADER მიდგომის კონკრეტული მიზნებია: ადგილობრივი თემების წევრების წახალისება ადგილობრივი განვითარების პროცესში მონაწილეობის მისაღებად; თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის; ადგილობრივი აქტორების წახალისება, იმუშაონ სხვა თემების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ; ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინოვაციების ხელშეწყობა; ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების მომზადების ხელშეწყობა და სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფა. ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებისთვის LEADER/CLLD თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის გამოყენების მთავარი ინსტრუმენტია ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (Local Action Group).
LEADER/CLLD პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს აქვს მტკიცე გადაწყვეტილების მიღების ავტონომია ადგილობრივად დასაფინანსებელი პროექტების შერჩევაზე, მხარდაჭერასა და მათი განხორციელების მონიტორინგზე.
ეს მიდგომა შეიქმნა 1990 წელს, როდესაც ევროკომისიის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო LEADER-ის კონცეფციის პოპულარიზაცია სოფლად და ქალაქებში ცხოვრების ხარისხის განსხვავების შემცირების მიზნით. 1991-1993 წლებში საცდელ ფაზაში LEADER პროექტების განხორციელებაში ჩაერთო ევროკავშირის ქვეყნების არახელსაყრელი პირობების მქონე 217 რეგიონი. 1994-1999 წლებში აღნიშნული მიდგომის გამოცდის არეალი გაფართოვდა. 2000-2006 წლებში, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მეთოდმა მოიცვა ყველა ტიპის რეგიონი. 2007-2013 წლების პროგრამის პერიოდში მიდგომა თანდათანობით დამკვიდრდა, როგორც ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, და დღეს უკვე მოიცავს 2800 სასოფლო ტერიტორიას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მასშტაბით, სოფლად მცხოვრები მთლიანი მოსახლეობის 61%-ს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების (სამოქმედო) ჯგუფების (LAG) ჩართულობით, პილოტური პროექტები საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდა, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები – ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით, პილოტური პროექტების ფარგლებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების (სამოქმედო) ჯგუფები (LAG) მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემდნენ.
საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG) არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. GALAG- ის პარტნიორია ევროპის LEADER ასოციაცია სოფლის განვითარებისთვის (ELARD)-ი.
GALAG ინფორმაციის გაცვლისა და სწავლების მთავარ არხს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით და ადვოკატირებას უწევს საზოგადოების მიერ მართულ ადგილობრივი განვითარების მიდგომას მნიშვნელოვან სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტებთან და ხელს უწყობს საქართველოში ინტეგრირებული, მონაწილეობითი და მდგრადი სოფლის განვითარებას.