ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022
ბრიუსელში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის ქსელის (EU CAP Network) პრეზენტაცია გაიმართა
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის ქსელის (EU CAP Network) პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრიუსელში, ჩატარდა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის ქსელის (EU CAP Network) პრეზენტაცია. ქსელი ასრულებს ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, სწავლებისა და კარგი პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაზიარების პლატფორმის ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას. ქსელი აერთიანებს პოლიტიკის ინოვაციებით, განხორციელებითა და შეფასებით დაინტერესებულ ყველა მხარეს, მათ შორის წევრი ქვეყნების ეროვნულ ქსელებს.
ქსელის პრეზენტაციას წინ უძღვოდა სოფლის განვითარების ევროპული ქსელების ასამბლეა, სადაც გაიმართა დისკუსია სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის რეფორმის საკითხებზე, წევრი ქვეყნების მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიული გეგმების დამტკიცებისა და ევროკავშირის პოლიტიკის ახალი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, ევროკავშირის სოფლის გრძელვადიანი ხედვა, “ჰორიზონტი ევროპა“ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა და სოფლის პაქტის კონფერენციის შედეგები. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სოფლის განვითარების ქსელების აქტივობები და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთიანი ქსელის მმართველობა და სამომავლო გეგმები.