ოთხშაბათი, 27 ივლისი 2022
დისკუსია საქართველოში პირველი LEADER/CLLD ეროვნული პროგრამის საკითხებზე
სოფლის განვითარების პოლიტიკა მილიონობით ადამიანის კეთილდღეობას განსაზღვრავს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და ინტეგრაციაში.
ევროკავშირის ქვეყნებში, სოფლის განვითარება რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, რაც სამუშაო ადგილების შექმნას, მეწარმეობის წარმატებას, სოფლად ახალი შესაძლებლობების წარმოქმნას და ამ პროცესში სოფლად მაცხოვრებელთა უშუალო ჩართულობას ემსახურება. ეს პრინციპებია LEADER, ანუ სოფლის ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს შორის კავშირი , და CLLD, ანუ თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება.
ამის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელიც სოფლად LEADER/CLLD პრინციპების დანერგვას და ამ მხრივ, ადგილობრივი მხარდაჭერის ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს. პროგრამა განხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, #ENPARD-ის ფარგლებში.
27 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლებმა ახალი პროგრამა განიხილეს და მისი განხორციელების პრინციპებზე შეთანხმდნენ.