ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა. აგროოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას.
წელს, აგროოლიმპიადა 2022-ში 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და, კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში, 38 გამარჯვებული გამოვლინდა.
აგროოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა, ხოლო საკონკურსო მიმართულებები - აგრონომიას, ვეტერინარიას, ღვინის ტექნოლოგიას, სასურსათო ტექნოლოგიას, მექანიზაციას, სატყეო საქმესა და მოსწავლეებისთვის, გაერთიანებულ საკითხებს (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.
წელს, უპრეცედენტოდ მაღალი იყო აგროოლიმპიადის მიმართ ინტერესი და ჩართულობა კერძო კომპანიების მხრიდან. აგროოლიმპიადა 2022-ის პარტნიორები გახდნენ კომპანიები: შპს ნატსჯი; თიბისი ბიზნესისთვის; ბეკო; ფერმერთა ასოციაცია; შპს კერკი; შპს კულა; შპს აჩინებული (ალალი); ინვეტფიდი; შპს აგრომოტორსი; შპს აგროლეინი; დაცული ტერიტორიების სააგენტო; ჯეონატურალსი; შპს აგროქოზიყი; წერტი; აგროსფერო; აგრონომი; ალდაგი; ბარაქა და მეღვინეობა შუმი, რომლებმაც გამარჯვებულებისთვის მნიშვნელოვანი პრიზები - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით, ფულადი პრიზები, წარმოებული პროდუქციის ნაკრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პიზები დააწესეს.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), “სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).