პარასკევი, 29 დეკემბერი 2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAGs) ავტორიზაციის პროცესს იწყებს

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ავტორიზაცია იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო “თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAGs) ავტორიზაციის პროცესს იწყებს.
 

“თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ შემუშავებულია ევროკავშირის (EU) LEADER/CLLD  მიდგომის შესაბამისად და მიზნად ისახავს სოფლად სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გზით. ამავდროულად, გათვალისწინებულია ავტორიზებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება.
 

ავტორიზებულ ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ პროგრამაში და გახდნენ პროგრამის განმახორციელებლები ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოსთან“ ერთად.

ავტორიზებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები შეარჩევენ პროგრამის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფენ დაფინანსებული პროექტების მიზნობრიობის მონიტორინგს.
 

ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულ გაერთიანებებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა). ამისთვის, განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს და დააკმაყოფილონ ავტორიზაციის კრიტერიუმები.

ავტორიზაციის მისაღებად:

  • გაერთიანება უნდა შედგებოდეს ადგილობრივი საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან, სადაც საჯარო სექტორს წარმოადგენდნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლ(ებ)ი
  • გაერთიანება უნდა ხელმძღვანელობდეს LEADER ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო, სამეწარმეო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს

პროგრამასა და ავტორიზაციის პროცესზე დეტალური ინფორმაციისთვის იხ. პროგრამა და ავტორიზაციის წესი

ავტორიზაციის მისაღებად  განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მისამართზე - თბილისი, მარშალ გელოვანის 34 (სამუშაო დღეებში - 09:00 – 18:00 საათამდე), ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - info@mepa.gov.ge 
 

განცხადებები მიიღება 2023 წლის 29 დეკემბრიდან - 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34088