სამშაბათი, 09 აგვისტო 2022

საქართველოს სოფლები ინტერაქტიულ ელექტრონულ აგრორუკაზე

საქართველოს ინტერაქტიულ ელექტრონულ აგრორუკაზე უკვე 50-მდე სოფელი და ქალაქია დატანილი. რუკა შეიქმნა გუგლის რუკების საფუძველზე და შეიცავს საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საკვანძო მოთამაშეების, მათ შორის აგრობიზნესების, ფერმერული მეურნეობების, აგროსერვისების მიმწოდებლების, ფერმერთა ექსტენციისა და ტრენინგის ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების შესახებ. ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მონაცემთა ბაზაში ასახულია სახელმწიფო დახმარების პროგრამებიც, რომლებიც აგროსექტორის განვითარებას ემსახურება.
 
აგრორუკის მეშვეობით, ინფორმაცია იძებნება როგორც კონკრეტული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების, ისე საქმიანობის სფეროების მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ უშუალოდ დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო აგრობიზნესს, ხოლო შემდეგ შეაფასონ ბაზაში განთავსებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნეს-ინტერაქციის ეფექტიანობა.
 
აგრორუკის შექმნა 2020 წელს დაიწყო და თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე  ვრცელდებოდა. მას შემდეგ, ამ დინამიურ და სწრაფად მზარდ რესურსს 50-მდე ლოკაცია, 500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია და 24 საქმიანობის სფერო დაემატა.
 
აგრორუკის შექმნა და განვითარება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.