ოთხშაბათი, 23 მარტი 2022
სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ახალი ფორმატი ჩამოყალიბდა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 თებერვლის N62 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომლის ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა. ამასთან, საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება და უზრუნველყოფა.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირთან სახელმწიფო პოლიტიკის პროგრესული თავსებადობის მიღწევის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირისა (EU-ENPARD) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის გაძლიერებას 21-ე საუკუნის ფართომასშტაბიანი გამოწვევების დასაძლევად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად, კერძოდ, ყველა დაინტერესებულ მხარეთათვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მეშვეობით.
საბჭოს დებულების შესაბამისად, იქმნება “სამოქალაქო კომიტეტი“, რომელიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
“სამოქალაქო კომიტეტი“ წარმოადგენს საბჭოს სათათბირო ორგანოს, სადაც მოხდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცნობა, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
“სამოქალაქო კომიტეტი“ ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლას, საჭიროებების იდენტიფიცირებას, ანალიზს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, კომიტეტი შეიმუშავებს წინადადებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
“სამოქალაქო კომიტეტში“ გაწევრიანება შეეძლებათ ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების საკითხებზე მომუშავე პროფესიულ ასოციაციებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს / ორგანიზაციათა გაერთიანებებს.